კვირა 17, თებერვალი 2019

''კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიზირებულია'' -  გიორგი სარიძე

18, იანვარი 2019 18:35:00

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულოში მსჯელობენ. კომპანია ''Wondernet Exspress Investment Group-ის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს პროექტის დეტალებს აცნობენ. ეს ის კომპანიაა, რომელმაც კარბამიდის გადაზიდვის სამუშაოები უნდა განახორციელოს. ამბობენ, რომ ტერმინალი უსაფრთხო იქნება და გარემოს ზიანს არ მიაყენებს. 

შეხვედრას იმ ჯგუფის წევრებიც ესწრებიან, რომლებიც პორტში ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და 20 იანვარს, საპროტესტო აქცია აქვთ დაანონსებული. 

საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, ალეკო თევზაძემ დღეს გააკეთა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ტერმინალის მშენებლობა ბათუმისთვის საფრთხის შემცველია. ის მერიას და საკრებულოს მოუწოდებს გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირონ. 

''ადამიანები საფრთხის ქვეშ არ უნდა ამყოფო, რაღაც საეჭვო მოგების სანაცვლოდ, ამის დამადასტურებელი საბუთები გაგვაჩნია და მოსახლეობა თვითონ გააკეთებს დასკვნას'' - ამბობს თევზაძე. 

კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიზირებულია.

''ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მოვიწვიეთ ექსპერტები, მოქალაქეები და ბათუმზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე მოსაზრებას მიუკერძოებლად დააფიქსირებენ. კარბამიდი აბსოლუტურად უვნებელი ნივთიერებაა და ამაზე ყველა ბიოქიმიკოსეც ცალსახად აღნიშნავს'' - თქვა შეხვედრაზე გიორგი სარიძემ, რომელიც  ''Wondernet Exspress Investment Group-ის წარმომადგენელია. 

ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. ისინი გარემოს დაცვის სამინისტროსგან დასკვას ელოდებიან.

ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება, მხარეებმა 14 იანვარს, ბათუმში გააფორმეს.


დღის ამბები