პარასკევი 18, იანვარი 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აჭარაში არ განხორციელდება

11, იანვარი 2019 21:14:00

საქართველოს მთავრობა წელს კვლავ განახორციელებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას,“ თუმცა რეგიონების ჩამონათვალში ამჯერად არ მოხვდა აჭარა. ამის შესახებ არაფერი იცოდნენ აჭარის მუნიციპალიტეტების ნაწილში.

უფრო მეტიც, ხელვაჩაურის მერიას სამუშაო ჯგუფიც ჰქონდა შექმნილი, იმისთვის რომ საჭიროებებზე დაფინანსების მიღების მიზნით რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის მიემართა.

სამინისტროში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. რეგიონის  მთავრობაში  კი  განმარტავენ, რომ, მხარდაჭერის პროგრამის მსგავს პროექტებს აჭარა განვითარების ფონდის საშუალებით განახორციელებს, თუმცა ჯერ-ჯერობით არაა დაზუსტებული კრიტერიუმები.

მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებები კი შემდეგია -  სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის, ასევე სანიაღვრე არხების, გარე-განათების, გზებისა და ხიდების მოწესრიგება.  

საჭიროებები სოფლებში წყდებოდა და მხარდაჭერის პროგრამით 2017 წლამდე აჭარაშიც ფინანსდებოდა, ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა - მოახერხებს თუ არა აჭარის მთავრობა საკუთარი სახსრებით, ახლა უკვე ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსების გარეშე, ყველა სოფლისთვის თანხის გამოყოფას.


დღის ამბები