სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

განახლება: 55 წლამდე ასაკის კაცი, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში დააკავეს

09, ნოემბერი 2018 12:58:00

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ მამაკაცი ჯერ არ დაუკავებიათ. ის გუშინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სამართალდამცველები სასამართლოს განჩინებას ელოდებიან. 

დაახლოებით ორი საათის წინ კი უწყებაში განაცხადეს, რომ  ბათუმში 55 წლამდე ასაკის კაცი, გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

''იალქანის“ ხელმძღვანელი თეონა აბაშიძე ყვება, რომ ორგანიზაციას გოგონას დედამ მიმართა. 

''ბავშვის დედა ყვება, რომ გოგონა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობდა. ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც 55 წლამდე ასაკის კაცმა, მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ავტობუსში იყვნენ სხვა არასრულწლოვნები და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც მოზარდებმა დახმარება სთხოვეს. კაცმა ავტობუსიდან ჩასვლა მოასწრო, შესაბამისად იმ წუთებში პოლიციის გამოძახება ვერ მოხერხდა. შესაბამის უწყებაში შეტყობინება მოგვიანებით ჩვენმა ორგანიზაციამ გააგზავნა'' - ამბობს თეონა აბაშიძე. 

მისივე ინფორმაციით, კაცის დაკავების შემდეგ 12 წლის გოგონა სკოლაში დაბრუნებას აპირებს. 

''მანამდე სასწავლო დაწესებულებაში მარტო წასვლის ეშინოდა და ითხოვდა გვერდით ვინმე თანმხლები პირი ჰყოლოდა. ამ ფაქტის გამო შეშინებული იყო და ჰქონდა ძლიერი ემოციური ფონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თემაზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.


დღის ამბები