სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

სასამართლო ლავასოღლისა და კიდევ 3 ბრალდებულის აუდიო ჩანაწერებს უსმენს

05, ნოემბერი 2018 18:00:00

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანი პროკურატურის მოპოვებულ მტკიცებულებებს ეცნობა. საგამოძიებო ორგანო ამ ჩანაწერებით მინდია ლავასოღლის, შოთა კეკელიძის ივანე გეგიაძისა და ზაალ ახვლედიანის კანონიერ ქურდობასა და ქურდულ სამყაროსთან კავშირის დამტკიცებას ცდილობს. 

უფრო კონკრეტულად კი, პროკურორებმა ის აუდიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ბრალდებულების პირადი საუბრებია ჩაწერილი და სამართალდამცველების თქმით, დასტურდება დაკავებულების ქურდულ სამყაროსთან კავშირი. 

აუდიო ფაილების ჩართვამდე სასამართლო დარბაზი ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულებმა ივანე გეგიაძემ და ზაალ ახვლედიანმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მათ სასამართლოს განუცხადეს, რომ არ სურთ ჩანაწერების მოსმენა. დარბაზში მხოლოდ შოთა კეკელიძე დარჩა. 

რაც შეეხება მინდია ლავასოღლის, რომელის საქმე ამავე პროცესზე განიხილება და სამართალდამცველები მას კანონიერ ქურდობას ედავებიან, იგი ამ დრომდე თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ლავასოღლი თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება.

ქურდულ სამყაროს წევრობასა და კავშირის ბრალდებით, საგამოძიებო ორგანომ, 2018 წლის 17 ივლისს, სულ 10 პირი დააკვა. ყველას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 


დღის ამბები