სამშაბათი 23, ოქტომბერი 2018

რა ნივთიერებისგან შედგება კოსმეტიკა სახელმწიფო არ ამოწმებს 

11, ოქტომბერი 2018 16:15:00

საქართველოში შემოტანილი კოსმეტიკური ნაწარმის შემადგენლობა არ მოწმდება. მისი კონტროლი ლაბორატორიებში თითქმის შეუძლებელია. ასევე პარფიუმერიასა და კოსმეტიკურ საშუალებებს დამატებით არც საბაჟოზე ამოწმებენ. 

საქმე არ ეხება მხოლოდ სავაჭრო ობიექტებს, საუბარია ნებისმიერ მათ შორის, ბრენდული ტიპის ნაწარმზეც.

მომხმარებლები ამბობენ, რომ კოსმეტიკურ საშუალებებს ყველგან ყიდულობენ, როგორც მაღაზიებში, ასევე ბაზრობებზე, ფინანსების შესაბამისად. აკვირდებიან გამოშვების თარიღსა და ვარგისიანობის ვადას, თუმცა არ იციან, რომ ქვეყანაში შემოტანილი აღნიშნული პროდუქცია არ მოწმდება. 

ქართულ ბაზარზე კოსმეტიკური საშუალებების საკმაოდ დიდი არჩევანია. მის ხარისხს ფასი განსაზღვრავს. პროდუქციის დიდი ნაწილი ჩინეთსა და დუბაიშია წარმოებული. იყიდება პოლონური და გერმანული კოსმეტიკური საშუალებები. რეალიზატორები ამბობენ, რომ კოსმეტიკურ საშუალებებს სადისტრიბუციო კომპანიებისგან იღებენ და ხარისხს უბრალოდ ენდობიან. ყველა ასაკის მომხმარებელი ჰყავთ, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. 

ზოგიერთ კოსმეტიკურ საშუალებაში შემავალი ნივთიერებები კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 

მომხმარებელთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამჟამად საქართველოში ყველაზე დაუცველი სწორედ პარფიუმერიის მომხმარებლები არიან, შესაბამისად სწრაფი რეაგირებაა საჭირო. 

''აღნიშნული სფერო აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმთელობასთან. მასში შემავალი ძალიან ბევრი ნივთიერება შეიძლება იყოს მძიმე მეტალები, მათ შორის ტყვიაც ხშირად ხვდება. ასოცირების ხელშეკრულებაში კოსმეტიკური საშუალებებისა და პარფიუმერი ნაწარმის კონტროლი სამწუხაროდ არ მოხდა. ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი'' - ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი თამარ გობეჯიშვილი.

ის რომ კოსმეტიკური ნაწარმი  სახელმწიფოს კონტროლის სფეროში არ შედის, აწუხებთ კანონმდებლებსაც - ამბობენ, რომ სფერო უნდა დარეგულირდეს, თუმცა როდის ეს უცნობია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, პროფესიით ექიმის, ილია ნაკაშიძის თქმით შესაბამისი უწყებები რეგულაციებზე უკვე მუშაობენ.  ''საკანონმდებლო დონემდე ეს რეგულაციები მოსული არ არის, მაგრამ ვიცი, რომ დოკუმენტი მზადდება და ვფიქრობ ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება, რაღაც მიმართულებები. არა მარტო კოსმეტიკურ საშუალებებზე, ასევე საუბარია ფარმაცევტულ საშუალებებზეც და საკვებ პროდუქტებზე'' - ამბობს ნაკაშიძე. 

აჭარაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულ კვლევითი ცენტრი აქვს, თუმცა დაწესებულებაში ამბობენ, რომ კოსმეტიკური საშუალებებისa და პარფიუმერიის შემოწმებისთვის საჭირო არც შესაბამისი სტანდარტი აქვთ და არც აკრედიტაცია. 


დღის ამბები