კვირა 16, დეკემბერი 2018

სოფელ ზედა კვირიკეში სახლთან მიწა ჩამოიშალა 

20, სექტემბერი 2018 18:13:00

ქობულეთის სოფელ ზედა კვირიკეში, რამდენიმე დღის წინ, მიწის მასა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის მხოლოდ ნაწილი გაიწმინდა, ავტომობილები გადაადგილდებიან, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულეს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთი ადგილობრივი დაუკავშირდა. ნონა მეგრელიძე ყვება, რომ ძლიერი წვიმის დროს ჩამოშლილმა მიწის მასამ, საფრთხე საცხოვრებელ სახლსაც შეუქმნა. დაზიანებულია საძირკველი. 

სახლი ამ ეტაპზე დაკეტილია, თუმცა როგორც ნონა ყვება მის შესყიდვას გეგმავს და თანხის ნაწილი უკვე გადახდილი აქვს. ქონება ბერძენ მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს. 

ის ადგილზე გეოლოგების მისვლას, სიტუაციის შესწავლას და გზის დარჩენილი მონაკვეთის გაწმენდას ქობულეთის მერიისგან ითხოვს.  

''სახლში საცხოვრებლად გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ მეშინია. ძირი გამოთხრილი აქვს. ზამთარში სულ წვიმს. ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან და დასკვნას დადებენ, თუ არ იცხოვრება შევიდე და ოჯახი დამეღუპოს ​ არ მინდა. მალე წვიმები დაიწყება და ასე არ დაგვტოვონ. მინდა ყურადღება მოგაქციონ. ქობულეთის მერიაში აგვიხსნეს მინდობილობა არის საჭიროო. ვცდილობ სახლის მეპატრონეს საბერძნეთში დავუკავშირდეთ. მერს პირადადაც ვესაუბრე, სიტუაცია ავუხსენი ვუთხარი. მიწით მე ვსარგებლობ და ეს ჩემი შემოსავლის წყაროა. მირიან ქათამაძემ მიპასუხა, რომ გეოლოგების დასკვნამდე ვერაფერს მეტყოდა'' - ამბობს ნონა მეგრელიძე. 

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ საავტომობილო გზა გაიწმინდა და მოძრაობა იმავე დღეს აღდგა. 

''საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე თავადაც ვიმყოფებოდი, მობილიზებული იყო ტექნიკა და გზა გაიწმინდა. პატარა მასა შეიძლება იყოს, მაგრამ მოძრაობას ხელს არ უშლის. მსგავს შემთხვევებში, ტერიტორიის გაწმენდასაც თავისი სპეციფიკა აქვს. როცა მეწყრული მასაა, მთელი ძირის გამოღება არ შეიძლება, არ არის გამორიცხული უამინდობის შედეგად, სხვა შემთხვევაც განვითარდეს'' - თქვა მაუწყებელთან მირიან ქათამაძემ. 

რაც შეეხება ადგილზე გეოლოგების მისვლას. ქობულეთის მერი ირწმუნება, რომ აღნიშნულ პრობლემას გეოლოგები აუცილებლად შეისწავლიან, მოხსენებითი ბარათი უკვე მზად არის და ის შესაბამის სამსახურებს რეაგირებისთვის გადაეგზავნება. მისი თქმით, სტიქიის დროს ყველა მსგავს შემთხვევაში ასე ხდება. 

საავტომობილო გზა გაწმენდამდე ასე გამოიყურებოდა. 

1053