ორშაბათი 20, აგვისტო 2018

უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტს ხვალ დაამტკიცებს

20, ივლისი 2018 21:34:00

ფარულ კენჭისყრამდე, მორიგ კითხვა-პასუხამდე და საბოლოო სიტყვამდე ერთი დღით ადრე, უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძესა და მის გუნდს მხოლოდ ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” მოუსმინეს.

მმართველმა გუნდმა კი ფრაქციების ფორმატში შეხვედრა საჭიროდ აღარ ჩათვალა, ამბობენ, რომ საკუთარ პოზიციას, კიდევ ერთხელ, ხვალ ხმის მიცემით დაადასტურებენ. სწორედ ხვალ დასრულდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა.

რაც შეეხება დღევანდელს - მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს ჰკითხეს მოსალოდნელ სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე, შტატების შესაძლო შემცირებასა და იმაზე, თუ როგორ აპირებს იგი ხარჯის შემცირებას – პასუხი ძირითადად ერთი და იგივე იყო – აპირებს ჯერ შეისწავლოს, ფუნქციები გააანალიზოს და შემდეგ, ვალდებულების შესაბამისად, დეპარტამენტები სხვა უწყებებთან გააერთიანოს, ოღონდ ფუნქციების დუბლირების გარეშე.

თორნიკე რიჟვაძეს დღეს ჰკითხეს ნათესაურ კავშირებზე, ასევე ხეების გადატანაზე, ჰესებზე. კითხვები დასვეს ზურაბ პატარაძის წასვლასთან დაკავშირებითაც. ფრაქციის სხდომას თეონა ხარაბაძე ესწრებოდა. ასე რომ, მისი სიუჟეტიდან გავიგებთ უფრო მეტს ამ თემის შესახებ.