კვირა 22, ივლისი 2018

მიტოვებული სახლები ბათუმში

12, ივლისი 2018 21:25:00

უსისტემო და ქაოსურმა მშენებლობებმა ბათუმის იერსახე მკვეთრად შეცვალა.  პარალელურად, ქალაქში მომრავლდა ავარიული და მიტოვებული სახლები.  ადამიანები, რომლებიც თავს დაზარალებულებად მიიჩნევენ.

მაზნიაშვილის ქუჩის 35/37 ნომერი სახლი  ქალაქისთვის დამახასიათეებელი არქიტექტურული ნაგებობა იყო, რომელშიც 22 ოჯახი ცხოვრობდა.  სახლი კომპანიამ „სახლი პიაცასთან“  2013 წელს დაანგრია.  მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია.  სახლემწიფოს წინაშე წარმოქმნილი ვალისთვის მშენებარე სახლს ყადაღა დაედო. პირვანდელი მობინადრეების საკუთრებას დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. სახლი სახურავის გარეშე დარჩა, არ არის საკანალიზაციო სისტემა, ლიფტის შახტა ღიაა და კიბეს არ აქვს მოაჯირი, რის გამოც ამ სახლში ცხოვრება საშიშია. მიუხედავად იმისა რომ საამშენებლო ობიექტზე ცხოვრება არ შეიძლება და სიცოცხლისთვის საშისია აქ ადამიანები მაინც ცხოვრობენ. დაუსრულებელი სახლი შესაძლოა აუქციონზე გაიყიდოს. კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი ჩვენთან სატელეფონო კომენტარში ხელისუფლებას ყადარის მოხსნაში დახმარებას და მშენებლობის დასრულების ნებართვას სთხოვს. დირექტორი ამბობს, რომ სახლის აუქციონზე გაყიდვას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ახალი მფლობელი 22 ოჯახს საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს.

კომპანიამ უნებართვოდ სიმაღლის მომატებაც დაიწყო და  თანხმობა ვეღარ მიიღო. სართულის მშენებლობის დასრულებაზე ნებართვის გაცემა ნიშნავს, რომ თვითმმართველობამ კანონი უნდა დაარღვიოს, რადგან 2013 წლის რეგულაციებით, ისტორიულ უბანში შენობის სიმაღლე 15 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ზღვარი  კომპანიამ 5-სართულიანი შენობით უკვე აითვისა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წევრი გიორგი რამიშვილი ფიქრობს, რომ კომპანიამ არათუ სრული მეექვსე სართულის, არამედ მანსარდის დაშენების ნებართვაც  ვერ უნდა მიიღოს.

დადგენილი რეგულაციების მიუხედავად,  ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე მანსარდის მშენებლობის აუცილბლობაზე საუბრობს.  მოსახლეობასა და კომპანიას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში კი   საჯარო რეესტრს ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მოსახლეობას პრობლემა საჯარო რეესტრის მიერ მანსარდის დაურეგისტრირებულობის გამო შეექმნა.

იმჟამად ჯერ კიდევ ბათუმის საკრებულოს წევრი, ჯუმბერ კობალაძე მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში თავიდანვე ჩართული იყო. სააგენტოს ხელმძღვანელად ის ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ რამდენიმე თვის წინ დანიშნა. მაზნიაშვილის ქუჩის დაზარალებული გულიკო მორთულაძე და მისი მეზობლები იხსენებენ, რომ ჯუმბერ კობალაძე მათ აიძულებდა, კომპანიის შეთავაზებას უპირობოდ დათანხმებულიყვნენ სხვა შემთვევაში ინვესტორებს ამ შენობასთან არ მიუშვებდა.

თვითონ ჯუმბერ  კობალაძე მოსახლეობის ბრალდებებს ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში ნამდვილად იყო ჩართული, თუმცა მხოლოდ მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით.

მაზნიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების მსგავსად სამშენებლო კომპანიის მსხვერპლი გახდა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახიც.

რეგულაციების დარღვევით გაკეთებული საპროექტო განაცხადის გამო ნებართვა ვერც, „ბესტ ბუილდინგ გროუპმა“  მიიღო. გამოსახლებული მესაკუთრეები  ქუჩაში დატოვა. მოგვიანებით ნაწილი გაპარტახებულ სახლში დაბრუნდა, ნაწილს კი სახლი საერთოდ არ შერჩა. კომპანიის დირექტორ ლევან ცინარიძესთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, რომ  „ბესტ ბუილდინგ გროუპის“ ოფისში, გორგილაძის 12 ნომერში შევხვდებოდით. მითითებულ მისამართზე ოფისი არ დაგვხვდა. 

კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ ინტერესის არეალში აღმოჩნდა 83 წლის ნადია დიასამიძის სახლი. კომპანიამ ხუთ ოჯახთან ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა, მარდი ჰოლდინგის იურისტ  ბექა თვალაძის განმარტებით, მშენებლობის ნებართვა ვერ მიიღო და ხელშეკრულება გაწყვიტა. მოხუცი ქალბატონი თავს დაზარალებულად მიიჩნევს, რადგან კომპანიამ ახალი სახლი  მოხუცის საკუთრებას ისე ახლოს მიადგა, რომ საწვიმარი წყალშემკრებიც კი გაუუქმა, სახლს კი ბზარები გაუჩნდა. მენაშენე ამბობს, რომ დაზარალებულის საკითხს ექსპერტიზის საშუალებით შეისწავლის და თანახმაა კომპენსაციაც გადაიხადოს. თუმცა ნადია დიასამიძის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ რომ მარდი ჰოლდინგმა მას ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა. „ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, თვენი მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ არსებობს კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების არავითარი ვალდებულება“.

დუმბაძის # 22, გოგილაძის 22 # , ვაჟა ფშაველას # 13 და #15 სახლები... სიის გაგრძელება შეიძლება. ყველა ამ  ზემოთ ჩამოთვლილი სახლის ადგილას პროექტების გაჩერების მიზეზი კომპანიის მიერ რეგულაციების უგულებელყოფით  გაზრდილი სიმაღლე და მასშტაბები იყო. მენაშენეების კეთილსინდისიერებას მინდობილ დაზარალებულ  ოჯახებზე  ხელისუფლება პასუხიხმგებლობას არ იღებს, რაზეც აჭარის ა/რ სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი ნუგზარ ძნელაძეც საუბრობს. მისი თქმით,ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ორ კერძო სუბიექტს შორის წარმოქმნილ ურთიერთობაში ჩაერიოს.

პროექტის კორექტირების მავნე პრაქტიკა, რომელიც ძირითადად სართულების უნებართვოდ დაშნებას გულისხმობს,  დიდი ხანია არსებობს. მარდი ჰოლდინგმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე აშენებულ სახლს თვითნებურად 3 სართული დააშენა და ნებართვა შემდეგ  მოითხოვა. კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მშნებელობის ნებართვის გამცემმა საბჭომ მარდი ჰოლდინგს ნებართვა მისცა.

აჭარის ა/რ სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი ნუგზარ ძნელაძე ხელისუფლების ხედვა გაგვაცნო. აჭარის მთავრობა სამომავლოდ,ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მშენებლობების შეზღუდვას და  მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლზე  ახალი ადგილების ათვისებას გეგმავს.

დაზარალებული ოჯახების და მიტოვებული სახლების ბედი კვლავაც გაუკვეველია. არსებობს მოლოდინი, რომ დაზარალებული ადამიანების რაოდენობა გაიზრდება, თუ ხელისუფლება პრევენციაზე არ იზრუნებს და დაცვის მექანიზმებს არ შეიმუშავებს.

სტატია მომზადებულია სტუდია "REC"-ის მიერ, აჭარის ტელევიზიის დაკვეთით. 

262