კვირა 24, ივნისი 2018

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ისევ იცვლება - ბოლო 6 წელში, 6 როტაცია

11, ივნისი 2018 14:34:00

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა მანუჩარ კაციტაძემ ოთხი თვის წინ დაკავებული თანამდებობა დატოვა. იგი მუშაობას თბილისში გააგრძელებს - ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ადასტურებს.

კუპატაძის განცხადებით კაციტაძე თბილისში გადავა, თუმცა ვინ ჩაანაცვლებს მას არ აკონკრეტებს. "ამის შესახებ განცხადებას უწყება მალე გაავრცელებს" - გვითხრა საპატრულო პოლიციის უფროსმა.

ბოლო 6 წლის განმავლობაში, ბათუმის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მეექვსედ იცვლება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლიდან, რეგიონში საპატრულო პოლიციას თეიმურაზ კუპატაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დავით მამულაშვილმა შეცვალა.

მალევე მამულაშვილი კახაბერ ბუხრაძემ ჩაანაცვლა, რომლის სახელს უკავშირდება ბათუმის 11-12 მარტის მოვლენები. აქციების შემდეგ, როტაციის პრინციპით ბუხრეიძის ნაცვლად ლევან მაისურაძე დაინიშნა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად.

"ლეოგრანდის" ტრაგედიის შემდეგ, ლევან მაისურაძე მანუჩარ კაციტაძემ შეცვალა, მაისურაძემ კი მუშაობა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში გააგრძელა.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება პოლიციის ახალი უფროსი აჭარაში. ყველა ცვლილების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ როტაციის პრინციპით ხდება ხელმძღვანელი პირების ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანა და განსაკუთრებული მიზეზი ამ ცვლილებებს არ აქვს.

733