შაბათი 22, სექტემბერი 2018

''ერთგული'' თევზები - წყვილი სიცოცხლის ბოლომდე ერთად რჩება

16, მაისი 2018 20:30:00

ბათუმის აკვარიუმის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი, ემბრიოლოგ-სელექციონერი თამაზ ბაჟაშვილი დეტალურად დისკუსების (თევზები) შესახებ საუბრობს  :

„დისკუსი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი თევზია, რომლის სახელსაც სხეულის ფორმა განაპირობებს. მას აკვარიუმის დედოფალასაც ეძახიან. სამშობლო სამხრეთი ამერიკაა - მდინარე ამაზონის აუზი. 

რთულია მისი მოვლა-პატრონობა, ამიტომაც ხელოვნურ წყალსაცავებში მათ ბიოლოგიური სასიცოცხლო პროცესებით უზრუნველყოფასა და გამრავლებას მხოლოდ პროფესიონალები ახერხებენ.

დისკუსი წყლის შემადგენლობისა და სხვადასხვა დაავადებისადმი მგრძნობიარეა. ამიტომ საჭიროა დიდი აკვარიუმი და წყლის იდეალური ფილტრაცია. ის ტროპიკული თევზია, შესაბამისად, საჭიროა წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა 28-32°С სითბო. განსაკუთრებით რთულია დისკუსის გამრავლება.

თევზი მოითხოვს წყლის განსაკუთრებულ შემადგენლობას: 
სიხისტე 2-40, მჟავიანობა PH 5,5-6,5-ის ფარგლებში, ტემპერატურა 30 გრადუსი. ამიტომ გვიხდება წყლის ხელოვნური „დამზადება“, დისტილირებული წყლის გამოყენება. გამრავლების პერიოდში დისკუსები წყვილდებიან. ასეთი წყვილი უნდა გადავიყვანოთ ცალკე აკვარიუმში (ზომებით 50X50X50 სმ-ზე), სადაც ზემოთ აღწერილი წყალია მოთავსებული. 

აკვარიუმში იდგმება ქოთანი. მასზე მდედრი ყრის ქვირითს, მამრი ანაყოფიერებს. ქვირითს ორივე უვლის. გაუნაყოფიერებელ ქვირითს ჭამენ. 

48 საათში იჩეკება 5-6 მმ-ის ზომის ლიფსიტები, რომლებიც მშობლებს გადააქვთ სუფთა ადგილზე. 

კიდევ 48 საათის შემდეგ ლიფსიტები იწყებენ ცურვას. მშობლები მათ სხეულზე დაჯდომისა და კვების საშუალებას აძლევენ. 

დისკუსები, სხვა თევზებისგან განსხვავებით, გამრავლების დროს სხეულზე გამოყოფენ სპეციალურ ლორწოს, რომლითაც 2 კვირის განმავლობაში კვებავენ ლიფსიტებს, შემდეგ კი პატარები დამოუკიდებლად იკვებებიან ცოცხალი, მცირე ზომის არტემიებით, დაფნიებითა და პატარა ზომის ჭიებით.

ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები სხვადასხვა მიზეზის გამო ჭამენ ქვირითს, ასევე, როცა მშობლები არ გამოყოფენ საკვებ ლორწოს და, შესაბამისად, ლიფსიტები იღუპებიან. ამიტომაა დისკუსების გამრავლება საკმაოდ რთული პროცესი.

429

დღის ამბები