პარასკევი 21, სექტემბერი 2018

კულტურული ღონისძიების დაფინანსების ეგიდით სამინისტრო 80 კაციან სუფრის ხარჯს გაიღებს

17, აპრილი 2018 21:12:00

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურული ღონისძიების ეგიდით, 5 000 ლარს 80 კაციანი სუფრის გაშლასა და 22 ადამიანის დაბინავებაში გადაიხდის.

საღამო, რომლის "მეორე ნაწილს" სამინისტრო აფინანსებს, თამარ მეფის ეპოქაზე, აჭარაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლსა და გოგი დოლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენებას გულისხმობს. 

სამინისტრო მომსახურების შესყიდვას ტენდერით ახორციელებს. სატენდერო მოთხოვნაში წერია, რომ სუფრაზე უნდა იყოს შემწვარი წიწილა, ფხალი, ნიგოზი, ხორციანი ბლინები, ყველის ასორტი და ყველა ის სიკეთე, რაც ქართული სუფრისთვის დამახასიათებელია.

აჭარის კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ღონისძიება ''ეროვნული სულისკვეთების გაძლიერების'' ეგიდით იმართება.

პროექტის პირველ ნაწილს საქველმოქმედო ფონდი ,, თამარის დარბაზი’’ განახორციელებს. ფონდი 2013 წელს დაარსდა, მისი ხელმძღვანელი გამომცემელი და წიგნების ავტორი იზოლდა ფოფხაძეა. ღონისძიება ,, საწუთროს ძახილი’’ 6 ივნისს გაიმართება.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ჩვენების გარდა, საღამოზე ქართული ესტრადის მომღერლების შესრულებით ქართული სიმღერები აჟღერდება.

სამინისტრო პროექტს ,,კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში ახორციელებს.