ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018

ფემიციდზე პეტიცია შეიქმნა

16, აპრილი 2018 17:05:00

ქალთა მოძრაობამ ფემიციდზე პეტიცია შექმნა. ავტორები ქალების გახშირებული მკვლელობების გამო საქართველოს პარლამენტს, პროკურატურას, შსს-სა და პრეზიდენტს მიმართავენ.

პეტიციის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს მიიღოს სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრძალვის შესახებ, ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

პროკურატურამ სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში გამოკვეთოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად აღასრულოს რისკების შეფასება. საქართველოს პრეზიდენტმა არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე - აღნიშნულია განცხადებაში.

397