პარასკევი 17, აგვისტო 2018

ძალადობაში ბრალდებულების შეწყალება დროებით შეწყდება - გიორგი მარგველაშვილი

16, აპრილი 2018 15:26:00

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისია დროებით შეწყვეტს ყველა ტიპის ძალადობის ფაქტებზე გადაწყვეტილების მიღებას -  ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ბარნოვზე მომხდარმა შემთხვევამ ცხადყო, რომ დოკუმენტები, რომელსაც შეწყალების კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა, სრული სურათის დასანახად საკმარისი არ არის.

მარგველაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია სხვა სუბიექტებისგან მსჯავდებულების შესახებ ინფორმაციასაც მოისმენს. 

‘’ჩვენ ვიმუშავებთ ყველა აქტორთან, არა მხოლოდ სახელმწიფოსთან. ვიმსჯელებთ იმ ჯგუფების წარმომადგენლებთან, რომლებიც სპეციფიურად ქალთა ძალადობის საკითხებზე მუშაობენ. ისინი მოგვცენ დაკონკრეტებულ რჩევებს'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

უდოს კომისიამ პატიმარს გათავისუფლებაზე უარი ექვსჯერ უთხრა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ მას და კომისიის სხვა წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"პროცედურულად დამატებითი კითხვების დასმა არ არის საჭირო, რადგან თუ უარყოფითი დასკვნაა, შეწყალების კომისია ავტომატურად საქმეს აღარ განიხილავს. ჩვენ გვქონდა  სოციალური მუშაკის, ადმინისტრაციისა და ფსიქოლოგის დადებითი დასკვნა. თუ არსებობდა რაიმე ინფორმაცია, რისთვისაც უდომ უთხრა ამ ადამიანს გათავისუფლებაზე  უარი, რატომ არ მოვიდა ეს ინფორმაცია ჩვენამდე?  ჩვენ  ვერარ დავეყრდნობით მხოლოდ სასჯელარსრულებას, ვეღარ ვენდობით ამ დასკვნებს, ეს ფაქტია და უნდა შევიმუშაოთ დამატებითი მეთოდები'' - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  13 აპრილს თბილისში, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ყოფილი მეუღლის შვილი, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლა.