სამშაბათი 19, ივნისი 2018

''შეწყალებულს ფსიქოლოგის, სოცმუშაკის და ციხის ადმინისტრაციის დადებითი დახასიათება ჰქონდა'' - გიორგი მარგველაშვილი  

16, აპრილი 2018 15:16:00

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტმა განმარტებები გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის  თქმით, შეწყალების კომისიამ პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, მან დაკავებულს სასჯელი გაუნახევრა.

პრეზიდენტის განმარტებით, ბრალდებულმა კომისიის წევრებს შეწყალების მოთხოვნით ორჯერ მიმართა. პირველ შემთხვევაში მას უარი უთხრეს. 

‘’ 2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, რომელიც მაშინ მსჯავრდებული იყო, ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის შემდეგ იქნა დაკავებული და მიესაჯა სასჯელი.  მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვენელოვანი საბუთი.მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ფსიქოლოგის და სოცმუშაკის დადებით დასკვნა, ასევე სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის სულიერი აშლილობის თაობაზე მითითება. საქმეს თან ერთვოდა მსჯავდებული აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის ოთხი შვილის მამა იყო. ასევე ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე’’ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი მზად არის საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

“რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის აქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად, საზოგადოება ითხოვს ამ მოვლენის ახსნას და ჩვენ მზად ვართ, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  13 აპრილს თბილისში, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ყოფილი მეუღლის შვილი, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლა. ის სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.  გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. 

 

499

დღის ამბები