ორშაბათი 21, მაისი 2018

EMC და TDI ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ

13, თებერვალი 2018 21:23:00

გასული წლის 13 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, პირველი სასამართლო სხდომა 20 თებერვალს გაიმართება – საქმე ეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე, მერიის უარს და რელიგიური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობას. საქმის განხილვის გაჭიანურების შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), ისინი მუსლიმი თემის ინტერესებს წარმოადგენენ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს  საქმის დროული განხილვისა და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ. საქმეზე სხდომის 20 თებერვლისთვის ჩანიშნვის შესახებ დღეს საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, ოფიციალური წერილის მიღებამდე კი სხვა განმარტებებს არ აკეთებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ ყველა გონივრული ვადა დაარღვია და საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმი თემის მწვავე სოციალური საჭიროებისა და უფლების შეზღუდვის განგრძობადობის გათვალისწინებით, სასამართლოს უმოქმედობა სამართლებრივი მექანიზმების მიმართ ნდობის და ეროვნულ დონეზე ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობას ასუსტებს.

ბათუმის ყოფილი მერის ბრძანება, რომელიც გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, მეჩეთის მშენებლობაზე უარს ეხებოდა, გასული წლის 5 მაისს გასაჯაროვდა. “ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია” – ასე დაასაბუთა გიორგი ერმაკოვმა უარის თქმის მიზეზი. ამ დასაბუთებამ საზოგადოებაში შემდეგი კითხვა გააჩინა - რატომ არ ამბობს მერია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში ეკლესიების მშენებლობაზე უარს მსგავსი მოტივით?

756