ორშაბათი 21, მაისი 2018

საჭადრაკო ოლიმპიადისთვის სამი წლის განმავლობაში გაწეული საორგანიზაციო ხარჯები

13, თებერვალი 2018 21:45:00

ასობით ათასი ლარი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისთვის აჭარის ბიუჯეტიდან. გასულ წელს საორგანიზაციო კომიტეტის 9 წევრის შრომის ანაზღაურებისთვის 150 ათასი ლარი დაიხარჯა, 2016-ში 8 წევრისთვის 138-ი, 2015-ში კი ამდენივესთვის 44 ათასი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კომიტეტში მომუშავეთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა კი 237 ათასამდე – რა საორგანიზაციო საკითხებს წყვეტდა 3 წლის განმავლობაში კომიტეტი, რომლის დაფინანსებისთვისაც თანხებს აჭარის მთავრობა იღებს და რატომ ვერ მოხერხდა მსოფლიო დონის ოლიმპიადამდე 7 თვით ადრე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება?

როგორც იცით აჭარის მთავრობა დაჩქარებული წესით ცდილობს მომსახურების შესყიდვას და საჭადრაკო შეხვედრებისთვის დამატებითი ადგილის მომზადებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთხოვს შპს “სტადიონი“ უფლებას გამარტივებულად, პირდაპირ შეისყიდოს მომსახურება მშენებლობაზე, განხილვის ვადა დღეს ამოიწურა, დოკუმენტაცია დაზუსტებულია და გადაწყვეტილება სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. ხვალვე გავიგებთ როდის გაფორმდება ხელშეკრულება კანადურ კომპანიასთან, რომელმაც 7 თვეში უნდა მოასწროს მშენებლობის დასრულება, იმ ობიექტის სადაც საერთაშორისო დონის საჭადრაკო შეხვედრები უნდა ჩატარდეს.