პარასკევი 21, სექტემბერი 2018

აჭარის მაუწყებელი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობისთვის ახალ შენობას ითხოვს

29, დეკემბერი 2017 18:30:00

‘’აჭარის ტელევიზია განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიან შენობაში. თანამშრომელთა უმეტესობას სამუშაო ადგილი არ გააჩნია. ოთახების დიდი ნაწილი ფანჯრების და სათანადო ვენტილაციის გარეშეა’’ - წერია მიმართვაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა,  საქართველოს პრემიერ მინისტრს, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს გადაუგზავნეს.

ოფიციალურ წერილში საუბარია, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტატუსის ცვლილების პროცესში მაუწყებელს ქონება არ გადაეცა. ორგანიზაციას არ გააჩნია საქმიანობასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თითქმის შეუძლებელია სტუდიური გადაწყობა და მაყურებლისათვის საინტერესო გადაცემების ახალი ფორმატების შექმნა.

აღნიშნული პრობლემების შესასწავლად მაუწყებელმა პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა.

‘’შესწავლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აჭარის ტელევიზიის შენობა არ შეესაბამება როგორც უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაოსათვის მინიმალურ სტანდარტსაც კი. პროფკავშირების წარმომადგენელის განმარტებით, პრაქტიკულად არაეფექტურია რეკომენდაციების გაცემაც, რადგან რიგ შემთხვევებში შეუძლებელია სიტუაციის გამოსწორება’’ - ნათქვამია დოკუმენტში.

არხის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები მზად არიან  განხილვაში ჩაერთონ, რათა  მოკლე ვადებში გადაწყდეს მაუწყებლის თანამშრომლებისთვის ახალი სამუშაო გარემოს (შენობა-ნაგებობა) მოწყობის საკითხი.

3013