შაბათი 21, ოქტომბერი 2017

რა ქონებით მოდიან ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატები

13, ოქტომბერი 2017 12:40:00

რა ქონებით მოდიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები, რომელ კომპანიებში ფლობენ წილებს და რა სიზუსტით შეავსეს ქონებრივი დეკლარაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევაზე მუშაობა დაასრულა. ორგანიზაციამ მოიკვლია, მონაწილეობდნენ თუ არა აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში.

   2016 წლის 16 სექტემბერს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის   თანახმად, ლაშა   კომახიძე ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე 86-ში, 70.27 კვ. მ. საცხოვრებელ ფართს და ამავე   მისამართზე 73.70 კვ. მეტრის  არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.

 მერობის კანდიდატს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ კომპანია Plastic Card Distribution-ში 30%-იანი წილის   მართვის   უფლება პარტნიორისთვის აქვს გადაცემული ისევე, როგორც კომპანია K & K-ს შემთხვევაში. ლაშა კომახიძე   კომპანიის 50%-იან წილს ფლობს.

 არც ერთ ამ კომპანიას ლაშა კომახიძის სოფლის მეურნეობის მინისტრობამდე და შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში   მონაწილეობა არ მიუღია.  

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე ფლობს ორ-ორ მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს მახინჯაურში.

2015 წელს კი ბათუმში, ჭავჭავაძის #6-ში 121 კვ. მ. კომერციული ფართი საჩუქრად გადასცეს. მას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მისი მეუღლის ია ზეიშვილის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაბა მახინჯაურში.  

 

 

 

 

 ქობულეთის მერობის კანდიდატ მირიან ქათამაძის  2017 წლის 27 თებერვალს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში       აღნიშნულია, რომ   ფლობს ბინას ბათუმში, ლუკა ასათიანის #51-ში, რომელიც 2011 წელს 42000 აშშ დოლარად შეიძინა.

  ქონებრივი დეკლარაციის   წარდგენიდან თითქმის ერთ თვეში, ქათამაძის მეუღლემ ამავე მისამართზე 137 კვ.მ. ბინა     შეიძინა.  ამავე დეკლარაციაში აღნიშნულია,   რომ   ქათამაძემ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება   “მგელაძე, ფალავანდიშვილი, ქათამაძე და პარტნიორების” 25%-იანი   წილის ფლობიდან 2016 წელს 40 000 ლარი მიიღო    (ამჟამად წილის მართვის უფლება ქათამაძის საქმიან პარტნიორს - კახა   ფალავანდიშვილს აქვს გადაცემული). 

 

2017 წლის 6 იანვრამდე აღნიშნულ საზოგადოებას მირიან ქათამაძე დირექტორობდა. ამავე დღეს   მირიან ქათამაძემ კიდევ ერთი კომპანიის დირექტორობა დათმო - შპს “რელაებლ ლეგალ კონსალტინგის” დირექტორი და 100%-იანი   მეწილე მისი ძმა მირზა ქათამაძე გახდა.

ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე ამ დრომდე არის შპს ლევგორის 100%-იანი მეწილე. 2012 წელს რეგისტრირებული   კომპანიის საქმიანობის სფერო სამედიცინო მომსახურების გაწევა და საზოგადოებრივი კვების ორგანიზებაა. სახელმწიფო შესყიდვებისა   და კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.

 ლევან გორგილაძე ფლობს 92 კვ.მ საცხოვრებელ ბინას ბათუმში, გორგასლის #159ბ-ში, ასევე 70 კვ.მ ბინას ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის   #9-ში და 120 კვ.მ ბინას ფარნავაზ მეფის #43-ში.  

 

 

 

    შუახევის მერობის კანდიდატი - ფრიდონ ფუტკარაძე 2017 წლის 23 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მან 1990 წელს მემკვიდრეობით მიიღო ბინა, სახლი და მიწის ნაკვეთი შუახევში.

ფრიდონ ფუტკარაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ნესტან ფუტკარაძე ფლობს 50%-იან წილს 2009 წელს რეგისტრირებულ კომპანია “ეკოტური GE”-ში. შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

 

 

 ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე 2006-2007 წლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იურისტად მუშაობდა, 2008-2009 წლებში კი აჭარის გარემოს სამმართველოს იურიდიულ განყოფილებაში, 2009-2011 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს იურისტი იყო.

2011-2017 წლებში “ბათუმის პორტში” ჯერ ოფიცერი, შემდეგ ცვლის უფროსი, საბაჟო-გამშვები პუნქტ “სარფის” ცვლის უფროსი.

2017 წლის დასაწყისიდან ხულოს მერობის კანდიდატად დასახელებამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს “გოდერძი რიზორტის” დირექტორის მოადგილე.

 

 

  რაც შეეხება პარტიული სიის პირველ ნომერს -სულიკო თებიძეს.  2017 წლის 24 იანვარს წარდგენილ   ქონებრივ   დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ის ბათუმში სამ ბინას (6300 აშშ დოლარად; 18000 ლარად   და 49240 აშშ დოლარად   შეიძინა) ფლობს.

  საჯარო რეესტრის მონაცემებით, სულიკოს თებიძისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არცერთი     კომპანია რეგისტრირებული არ არის.


დღის ამბები