ხუთშაბათი 19, ოქტომბერი 2017

''ისწავლე მეტი თამაშით'' და ვაშლების პროგრამა აჭარის სკოლებში წელს არ დაიწყება

13, სექტემბერი 2017 18:15:00

საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროექტები „ისწავლე მეტი თამაშით“ და ვაშლების პროგრამა მალე დაიწყება. უწყებამ 260 ათასი ვაშლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ნაყიდი ხილი 10 სკოლაში დარიგდება. სასწავლო დაწესებულეებს შორის აჭარაში მოქმედი საჯარო სკოლები ამ ეტაპზე არ იქნება. პროგრამა საპილოტეა და ის ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისში ამოქმედდება. ვაშლების დარიგების იდეა საქართველოს განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. 


აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი  სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მიესალმება. „ეს ბავშვის ბუნებრივი და ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ამაზე ყველანი ერთად ვთანხმდებით. კარგი იქნება თუ პროგრამა რეგიონშიც დაიწყება“ - ამბობს ინგა შამილიშვილი.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, კიდევ ერთი ახალი პროექტი „ისწავლე მეტი თამაშით“ ამოქმედდება. პროექტის ფარგლებში, სკოლებში სასწავლო პროცესის გახალისება და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლება  იგეგმება. 


როგორც აღმოჩნდა ჯერ-ჯერობით რეგიონში მოსწავლეები „თამაშით“  ვერ ისწავლიან. თუ პროგრამა ეფექტური აღმოჩნდა მას აჭარაშიც დანერგავენ. ინგა შამილიშვილს პროექტი მოსწონს.  
„ ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ამიტომ ვცდილობთ, თითქმის ყველა პროექტი, რომელიც  დაგეგმილია ჩვენც განვახორციელოთ. რაც  შეეხება „თამაშით სწავლებას“, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, განათლების პროცესში „კეთებით“ სწავლება ზოგადად საინტერესოა. პროგრამა საპილოტეა, თუმცა ჩვენ მზად ვართ გარკვეული ნაბიჯები ამ მხრივაც გადავდგათ - განაცხადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.