არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია ეკეთოს პირბადე

18 სექტემბერი 2020, 16:43 1266 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა. 

პროტოკოლის მიხედვით ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.

ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

დოკუმნტში ასევე აღნიშნულია, რომ ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში