ომით მოპოვებული ტერიტორია და შიშით დატყვევებული მოსახლეობა რეგიონს კეთილდღეობას ვერ მოუტანს - პრეზიდენტი

07 აგვისტო 2020, 16:57 1865 ნახვა

''ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს'' - წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომს ეხება. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ვერც ომმა, ვერც ტერიტორიების 20%- ის ოკუპაციამ და ვერც ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

''სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთება იყო ჩვენი პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია - არშეგუება! როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის მანძილზე, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია გადარჩენის უზარმაზარი ჟინი და ენერგია.

ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის. გვახსოვს, რომ ჩვენ ერთი დიდი კულტურისა და საერთო კავკასიური ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვინც ამ კულტურას, ამ ცივილიზაციას ებრძვის, ებრძვის არა მხოლოდ ჩვენს წარსულს, არამედ ცდილობს წაგვართვას ერთიანი მომავალიც. თუმცა ამაოდ!

ვერც ომმა, ვერც ჩვენი ტერიტორიების 20%- ის ოკუპაციამ და ვერც ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.

რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ შეჩერდა წინსვლა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია. რუსეთმა კი, უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიგოს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორია, ძალით ოკუპირებული და შიშით დატყვევებული მოსახლეობა რეგიონს ვერც სტაბილურობასა და ვერც კეთილდღეობას ვერ მოუტანს.

მსოფლიო გლობალური საფრთხეები დღეს ახალ მიდგომებს მოითხოვს. წარსულში ჩარჩენილი ძალმომრეობითი პოლიტიკა ანაქრონულია, რამეთუ ამ გამოწვევების წინაშე უძლურია.

თავისუფლებას, მშვიდობასა და სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია!'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში