გამოკითხულთა 10%-ს სჯერა, რომ 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული - NDI

28 ივლისი 2020, 14:11 1250 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს სჯერა, რომ 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული. აღნიშნულ მოსაზრებას 45% არ ეთანხმება, 16 პროცენტი ამბობს, რომ არ სმენია 5G-ის შესახებ, ხოლო 30%-მა არ იცის. 

მონაწილეთა უმრავლესობას ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიების სჯეროდა, კერძოდ ის, რომ ვირუსი გამიზნულად შეიქმნა და გავრცელდა.

დოკუმენტში წერია, რომ 5G კონსპირაცია ყველაზე გაგონილი მოსაზრება იყო, თუმცა მონაწილეებს არ სჯეროდათ ამისი. ასევე მონაწილეებმა მითებისა და ცრუ ინფორმაციების შესახებ ძირითადად ნაცნობებისგან მოისმინეს.

გამოკითხული მოსახლეობის 35 პროცენტი არ ფიქრობს, რომელიმე უცხო ქვეყანა კორონავირუსის შესახებ საქართველოში დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს. 29 პროცენტს კი მიაჩნია, რომ უცხო ქვეყანა შეგნებულად დეზინფორმაციას ავრცელებს.

​NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში