მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან

21 ივლისი 2020, 18:08 1146 ნახვა

ქობულეთში, მდინარე აჭყვაში თევზები იხოცებიან. ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა წყლის ზედაპირზე დახოცილი ქაშაყი და კეფალი ტივტივებს. აწუხებთ ტერიტორიაზე სპეციფიკური სუნიც. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ  ქობულეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ლაბორატორიული კვლევებისთვის  აიღეს წყლის და თევზის ნიმუშები. თევზების დახოცვის მიზეზი შესაძლოა უჟანგბადობას უკავშირდებოდეს, რისი გამომწვევი მიზეზიც წყლის დონის ვარდნა და წყალში მავნე ნივთიერების მოხვედრა იყოს. ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს თევზების დახოცვის პირველი შემთხვევაა, რის გამომწვევ ერთერთ მიზეზად ისინი გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენებს ასახელებენ, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა. კატეგორიულად უარყოფს თევზების დახოცვის კავშირს მანდარინის ნარჩენებთან ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე გამორიცხავს ასევე ეკოლოგიურ პრობლემას, ირწმუნება, რომ თევზების დახოცვა წყლის დონის დაწევამ გამოიწვია, რაც მისი თქმით, მდინარეზე სამელიორაციო სამუშაოებმა გამოიწვია.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში