გამოძიებამ არ უნდა დატოვოს სივრცე საკითხის პოლიტიზირებისთვის - პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე

18 ივლისი 2020, 14:36 1057 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საკითხს აკონტროლებს, თუმცა გამოძიების მიმდინარეობაში არ ერევა. 

გიორგი გახარიას განცხადებით, სამართალდამცავმა უწყებებმა არ უნდა დატოვონ სივრცე საკითხის პოლიტიზირებისთვის. 

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების კითხვას, რომელიც პოლიციელების შესაძლო გადაცდომას ეხებოდა, პრემიერმა თქვა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა მოვალეობა იქნება დასჯილი. 

''ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. ეს არ არის ტრაგედია ცალკე აღებული მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხიმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი გამოიძიოს და კითხვები არ დარჩეს, პირველ რიგში ოჯახს და ასევე საზოგადოებას. მერწმუნეთ ამ სისტემას ეს პასუხიმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზირებისთვის. 

სამწუხაროდ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება. მოქალაქეებმა ჩვენი ზრუნვა ოჯახზე უნდა გამოვხატოთ იმით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანების მორალურ მდგომარეობას. 

მედია თუ რაღაცას წინ უსწრებს ეს ცუდია, უაღრესად ცუდი. მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლება მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამიტომ ვამბობ, გავუფრთხილდეთ ოჯახის მორალურ მდგომარეობას. 

მერწმუნეთ და მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული თუ კი იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული... ჩვენ პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ დამნაშავე, ამის შემდგომ თუ იქ რაღაც არ იყოს სწორად გაკეთებული ეს ცალკე გამოძიების საგანია და აუცილებლად ჩატარდება. ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა მოვალეობა იქნება დასჯილი'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში