რა ხდებოდა „გავრილოვის“ ღამეს?

20 ივნისი 2020, 12:05 1200 ნახვა

ყველაფერი დაიწყო 20 ივნისის დილას, როცა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში  დაჯდა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია  რუსულ ენაზე წაიყვანა.  გავრილოვის პარლამენტში გამოსვლა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა გააპროტესტეს. 

ისინი   სხდომათა დარბაზში შევიდნენ, რუსეთის დუმის დეპუტატმა  სესიის წაყვანა ვეღარ შეძლო და ღონისძიება ჩაიშალა. რამდენიმე საათში კი გავრილოვმა სასტუმრო პროტესტის ფონზე დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ხილვით აღშფოთებულმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე დაიწყეს შეკრება. ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19 საათისათვის დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. ტრიბუნა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. 

აქციის მონაწილეები  აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს. სიტუაცია 22 საათისათვის დაიძაბა, როცა   აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო  გარშემორტყმული. მალევე რუსთაველზე   ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ  რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

გავრილოლვის  ღამეს, აქციის  დაშლისას,  რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი,  ხუთმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის ათეულობით მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცავი. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში