ნახევარ მილიონზე მეტი გამოიყო აჭარის საგანგებო ბიუჯეტიდან, რომ ფერმერებს უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლათ - რიჟვაძე

19 ივნისი 2020, 15:26 2427 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ წუთებში ქობულეთში ფერმერებს ხვდება და მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აცნობს. 

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ  დღეს აჭარაში დამუშავდა 1500 ჰექტარი მიწა, რაც 20-30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგია. 

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დაახლოებით  ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყო აჭარის საგანგებო ბიუჯეტიდან, რომ თითოეულ ფერმერს უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლა. 

''როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი გამოწვევაა. ყველა ჩვენგანი ებრძვის პანდემიას. ასევე ვიცით, რომ ეს ყველა დონეზე აისახება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობასთან ერთად, პირველივე ეტაპზე შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც რიგ სექტორებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარებოდა სირთულეების მინიმალური დანაკარგებით გადალახვაში. 

ანტიკრიზისული გეგმიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეფექტური არის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც, როგორც წვრილ, ასევე  მსხვილ ფერმერულ მეურნეობებს სახელმწიფო ეხმარება, რომ შეძლონ როგორც ამ ქვეყნის ასევე მათი ოჯახების სასურსათო უსაფრთხოება.  

იყო ძალიან ბევრი პოლემიკა - რამდენად ეფექტური იყო ზოგადად მთავრობის მიერ დაანონსებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა და რამდენად გავრცელდებოდა ის აჭარაში მცხოვრებ ფერმერებზე. ვინაიდან, სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო დღემდე ვერ მოხერხდა, რომ ყველა მიწა იყოს დარეგისტრირებული, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები, თუმცა ჩვენ აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში შევძელით, რომ გადაგვეზღვია და გადაგვეფარა მაქსიმალურად ყველა ფერმერი, რომელიც აჭარაში ეწევა საქმიანობას.

დაახლოებით,  ნახევარ მილიონზე მეტი იქნა გამოყოფილი აჭარის საგანგებო ბიუჯეტიდან, რომ თითოეულ თქვენგანს, თქვენს მეზობლებს ჰქონოდათ საშუალება უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლათ .

ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის თანამშრომლობა, ვინაიდან თქვენს გარეშე ეს შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში