ფარულ კენჭისყრაზე რა მოხდება ეს მოსამართლეებზეა დამოკიდებული, ხუთი ხმა საკმარისია - მერაბ ტურავა თავმჯდომარედ არჩევაზე

18 ივნისი 2020, 15:05 1488 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი ორმა მოსამართლემ გამოთქვა. ესენი არიან ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა. კანონმდებლობის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევენ, რისთვისაც ხუთი ხმა არის საჭირო. 

სწორედ ხუთმა მოსამართლემ მოაწერა ხელი განაცხადს და დააფიქსირა, რომ ისინი მხარს უჭერენ მერაბ ტურავას კანდიდატურას.

თავად მოსამართლე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ეს გარანტირებულად არჩევას არ ნიშნავს, რადგან კენჭისყრა ფარულია და არავინ იცის რა მოხდება.

''მეორე კანდიდატურაც არის. განაცხადის წარდგენა ეს არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას. მომავალ კვირას ფარული კენჭისყრა გაიმართება, რომელი კანდიდატიც მიიღებს მინიმუმ ხუთ ხმას, ის გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ​​თუ მოსამართლეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს განაცხადს, იგივე პოზიციაზე იქნებიან კენჭისყრის დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხმების რაოდენობა საკმარისია, მაგრამ კენჭისყრა არის ფარული და გადაწყვეტილება ასე მიიღება. შესაბამისად, არ ვიცი რა მოხდება. ეს არის მოსამართლეების ნებაზე დამოკიდებული'' - განაცხადა ტურავამ. 

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის მისი კანდიდატურა მმართველ გუნდთან შეთანხმებული? მოსამართლემ თქვა, რომ პროცედურა არანაირ კონსულტაციას არ ითვალისწინებს.

''მოქმედი კანონმდებლობა კანდიდატების არავისთან შეთანხმებას არ ითვალისწინებს. ძველი კანონდებლობით იყო ეს სხვაგვარად. პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდოამრე და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თანხმდებოდნენ ერთ კანდიდატზე და წარუდგენდნენ პლენუმს, მაგრამ დღეს მოქმედი კანონდებლობით ეს  სისტემა შეიცვალა. ახალი წესით, მინიმუმ სამი მოსამართლე აწერს ხელს განაცხადს, დოკუმენტი საორგანიზაციო ჯგუფს წარედგინება და კენჭისყრის დროს ვინც მიიღებს მინიმუმ 5 ხმას, ის გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონმდებლობა შეთანხმებას არ ითვალისწინებს და ვერც იმას ვიტყვი, რომ ამას არაფორმალურად ჰქონდა ადგილი. არავითარ კონსულტაციას ეს პროცედურა არ ითვალისწინებს. აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხელისუფლების ყველა შტოსგანს.

ჩემი კანდიდატურის წარდგენა მოსამართლეების ინიციატივა იყო. მინიმუმ სამი კაცი იყო საკმარისი, მაგრამ ხმების რაოდენობა, რომ შეიკრიბა იყო ხუთი. პირველად ვინ დამასახელა ამას ვერ გეტყვით, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდა ცნობილი. 

სახელისფლებო დაკვეთების შესრულებასთან დაკავშირებულ ბრალდებასა და თქვენი შეკითხვაზე მინდა გითხრათ, რომ ​საკონსტიტუციო სასამართლოში არც ერთ ცალკე აღებულ მოსამართლეს და თავმჯდომარეს არავითარი დავალების შესრულება არ შეუძლია, იმიტომ რომ გადაწყვეტილება ცხრაკაციან შემადგენლობაში მიიღება ხმათა უმრავლესობით. 

მე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, გადაწყვეტილების მიღების დროს ერთი ხმა მაქვს და ერთი ხმა მექნება თუ თავმჯდომარე გავხვდები'' - უთხრა ჟურნალისტებს მერაბ ტურავამ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან თავისუფალია, როცა ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.  ახალ თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევენ. 

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას 2015 წლის 30 მარტიდან შეუდგა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში