კორონავირუსის გავრცელების ზრდის დღიური მაჩვენებლები შენარჩუნებულია სომხეთსა და რუსეთში

09 ივნისი 2020, 18:01 1279 ნახვა

სომხეთში  კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაციას კრიტიკულს უწოდებს და ჯოჯოხეთად  აფასებს ქვეყნის მთავრობის მეთაური ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც კოვიდ-19-ით ასევე დაინფიცირდა.  მთავრობის სასახლესთან გამართულ ბრიფინგზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ  ქვეყნის  ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და ვერ ასწრებს ინფიცირებულთა  ჰოსპიტალიზაციას.    

ქვეყანაში შენარჩუნებულია კოვიდინფიცირების ზრდის ტენდენცია. გასული დღე-ღამეში ინფიცირების  350 და გარდაცვალების 6  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში  13 ათას  675 ადამიანი დაავადდა. 217 პაციენტი კი გარდაიცვალა.  

მეზობელ  აზერბაიჯანში სიტუაცია შედარებით სტაბილურია.   ქვეყანაში პანდემიის  პერიოდში 7 ათას 876 ადამიანი დაინფიცირდა,  გარდაცვლილთა სიაში 93 ადამიანია.  ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების  323 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი. კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბების მიხედვით სერიოზული მდგომარეობაა რუსეთში, რომელიც    მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით  მესამე ადგილს ინარჩუნებს.  

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ათას 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 485 ათას 253 -მდე გაიზარდა. რუსეთში ბოლო დღე-ღამეში  კოვიდ 19-ით  171 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 6 ათას 142 -ს მიაღწია. რაც შეეხება თურქეთს. ქვეყანაში კოვიდინფიცირებისა და გარდაცვალების დღიური მაჩვენებლები კლებულობს. გასულ დღე-ღამეში ვირუსმა   19 ადამიანი იმსხვერპლა და  დაღუპულთა  რიცხვმა 4 ათას 711 -ს მიაღწია.   თურქეთში  კორონავირუსით 171 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში