ტურიზმის გახსნის პროცესში ბევრი ფაქტორი იქნება დამოკიდებული მეორე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე - გახარია 

09 ივნისი 2020, 10:32 1807 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ტურიზმის გახსნის პროცესში ბევრ რამ იქნება დამოკიდებული სხვა ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. გიორგი გახარიას თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. ზოგიერთ მათგანში კი კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ კოლეგებმა თავადაც ურჩიეს საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე პროცესებს დალოდებოდნენ. 

''ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველო ეპიდემიოლოგიურად კრიზისისის და ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. ბევრმა  საქართველო ერთ-ერთ პირველ და  საუკეთესო  ტურისტულ ქვეყნად გამოაცხადა. 

მთავრობა ამავდროულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყანასთან,  რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთან მოლაპარაკების პროცესში უკვე ბოლოში ვიყავით გასული ან დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. ჩვენმა კოლეგებმა თვითონ, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ აბა ცოტა ხანი დაველოდოთ და ვნახოთ ციფრი როგორი იქნება. 

მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული. 

როდესაც ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, მაგალითად, პოპულისტური ციფრების დაძახებით, ჩვენ უნდა გევსმოდეს, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა პირველ რიგში და მათ შემოსავალზე ზრუნვა. ჩვენი ყველას მიზანია ძალიან მარტივი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა.

ჩვენთვის ყველაზე დიდი ამოცანა წელს შიდა ტურიზმის მხარდაჭერა და საქართველოში მოგზაურობა იქნება'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ისრაელის მთავრობასთან იქ შექმნილი ეპიდსიტუაციის მიუხედავად მოლაპარაკებები გრძელდება, ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ისრაელში ეპიდსიტუცია გამწვავდა რის გამოც ხელისუფლებამ საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლა 2 კვირით გადაავადა.

"საქართველოს მთავრობა აქტიურ ფაზაში აწარმოებს მოლაპარაკებებს სტრატეგიულ ტურისტულ ქვეყნებთან როგორიც არიან ევროკავშირის და არაევროკავშირის ქვეყნები. აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები ისრაელთან. ისრაელში შეცვლილია მდგომარეობა ნეგატიურ ჭრილში. ისრაელი საქართველოსთვის გამოირჩევა განსაკუთრებული სტრატეგიულობით, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება მოკლე პერიოდში, ვაგრძელებთ მუშაობას ისრაელის მთავრობასთან, ჩვენს კოლეგებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლისგანაც მოხდება ტურისტული ნაკადების მიმოსვლა"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში