ტურიზმის სფერო უნდა გაიხსნას, რამდენიმე კრიტიკული წერტილია - საზღვარი, ტრანსპორტი და სასტუმრო - გიორგი გახარია

11 მაისი 2020, 14:39 2037 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ტურიზმის სფერო უნდა გაიხსნას. არის კრიტიკული წერტილები, სადაც განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. ეს არის სახმელეთო და საჰაერო საზღვარი, ტრანსპორტი და სასტუმროები. გიორგი გახარიამ ამ წუთებში ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება. 

პრემიერის თქმით, ტურიზმის დასახმარებლად, ეკონომიკურ ნაწილში მთავრობამ ფრთხილი ნაბიჯები გადადგა. საშემოსავლო გადასახადები გააუქმა და სასტუმროების ნაწილს პროცენტის გადახდაში დაეხმარა. 

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი

''ტურიზმის არის მიმართულება, რომელიც უნდა ავამუშავოთ და უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები. ჩვენ უკვე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიურად ვმუშაობთ, სულ მალე განისაზღვრება კონკრეტული წესები,  როგორ შეიძლება მოგზაურობა გაიხსნას. რამდენიმე  კრიტიკული წერტილია, ეს არის კონტროლი სახმელეთო და საჰაერო საზღვარზე, შემდეგ არის ტრანსპორტი და სასტუმრო.  აქ კოვიდის უსაფრთხოების წესები და ზომები უნდა იყოს დაცული. 

რაც შეეხება სასტუმროს. ჩვენ რაღაც მომენტში მივიღეთ გადაწყვეტილება და სასტუმროების ნაწილი საკარანტინო სივრცედ გადაიქცა. ის ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. თავიდან ბევრი გაურკვევლობა და  კითხვა იყო, თუმცა დღეს საქართველოში ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ მართოს კოვიდის გადაცემის რისკი. 

მსოფლიოს არცერთ ქვეყანას ასე სისტემურად გამოცდილება არ აქვს. ტურიზმის ორგანიზაცია დაინტერესებულია და ჩვენ ინფორმაციას ვცვლით. საქართველოს სასტუმროს ინდუსტრიამ კარანტინში გაატარა  25 000 მეტი ადამიანი. 

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს. ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით, მაშინ არავინ იცოდა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კრიზისი. ასე თუ ისე იმედისმომცემი მონაცემები გვაქვს. პირველ რიგში ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო და  საშულო ზომის სასტუმროებს დავხმარებოდით. კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში დავეხმარეთ, ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი. ახლა ვხედავთ რომ საკმარისი არ არის'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

საქართველოს პრემიერ მინისტრის  განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსითან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და მოქალაქეებმა ადაპტაცია უნდა გაიარონ.

„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას. ყველამ უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა, ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურზიმი. სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის წინაშე და მოქალაქეების წინაშე.

რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი, რომ შევეგუოთ ამ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, იმას, თუ რა არის დისტანციური შრომა, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რის პირობებშიც შეგვიძლია, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ნელ-ნელა, ეტაპობრივად ძალიან ფრთხილ, მაგრამ გახსნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის შემუშავებული ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი უნდა ამუშავდეს, პირველი ივლისიდან კი ქვეყანა მზად უნდა იყოს საერთაშორისო ტურისტების მისაღებად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში