9 ქართველი მეზღვაური მეკობრეების ტყვეობაში

02 მაისი 2020, 18:59 3002 ნახვა

ნიგერიაში პანამის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 9 ქართველია. ცოტა ხნის წინ გაკეთდა სატელევიზიო კომენტარი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, სადაც მეზღვაურების გატაცების ფაქტს ადასტურებენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მეზღვაურთა გატაცებისას ადგილი ძალის გამოყენებას ან რაიმე სახის ინცინდენტს არ ჰქონია. მათივე თქმით გატაცებულ მეზღვაურთა ნაწილი ბათუმელია. სააგენტოში აცხადებენ, რომ გემზე დარჩენილი 4 მეზღვაურის უსაფრთხო ადგილას გადაყვანასთან დაკავშირებით ისინი აქტიურად მუშაობენ.

სააგენტოში მეზღვაურთა იდენტიფიცირებაზე მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ საუბრობენ, აქ დამატებითი დეტალების გახმოვანებისგანაც იკავებენ თავს.

"ინფორმაცია შემოვიდა გუშინ, გვიან ღამით. დაიწყო აქტიური მუშაობა და გატარებულია ყველა საჭირო პროცედურა, რასაც ასეთ დროს ვატარებთ. აქტიურ კონტაქტზე ვართ გემთმფლობელ კომპანიასთან. მქონდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, მათ პირადად ვესაუბრე მათ. კომუნიკაციის პროცესი გაგრძელდება როგორც კომპანიასთან, ასევე გემთმფლობელთან და ოჯახის წევრებთან"- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ერთ-ერთი გატაცებული მეზღვაურის ოჯახის წევრი ამბობს, რომ მათ მეზღვაურებთან ბოლო წუთამდე ჰქონდათ კომუნიკაცია,  სააგენტოდან კი გატაცების შესახებ მაშინვე შეატყობინეს, როგორც კი გატაცება მოხდა. მისივე განმარტებით, გემზე მეკობრეების აყვანისას რაიმე სახის ინცინდენტს, მათ შორის გასროლას ადგილი არ ჰქონია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში