2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა​

22 აპრილი 2020, 10:19 4384 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა. განათლების სამინსიტროს გადაწყვეტილებით გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტების წარდგენის ვადა.

"პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. კერძოდ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წარსადგენ დოკუმენტებში არ იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შეიცვალა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება"- წერია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს. პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპზე იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი.
რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

➤  რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
➤ მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
➤ ოჯახიდ ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები:
III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: registration.emis.ge.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპზეც ასევე იცვლება რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის თარიღი:

"IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე"-წერია განათლების სამინისტროს  განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში