აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინო სივრცეში ორზე მეტი პირის მოწამვლას არ ადასტურებს

21 აპრილი 2020, 13:06 1716 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში 45 პირის მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ინტოქსიკაცია მხოლოდ 2 პირს აღენიშნებოდა, დანარჩენს კი კვლევა მხოლოდ იმის გამო ჩაუტარდათ, რომ ისინი საკარანტინო სივრცეს ტოვებდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით სურსათის უვნებლობა ყველა საკარანტინო სივრცეს სწავლობს, მათ შორის ამასაც, თუმცა მისივე თქმით ეს არ იყო ჯგუფური ინტოქსიკაციის შემთხვევა.

"კვებისმიერი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა მხოლოდ 2 პირს, დანარჩენების დიაგნოსტიკა ჩატარდა, რადგან ისინი ტოვებდნენ საკარანტინო სივრცეს. დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ ყველა იყო ჯანმრთელი და ყველამ დატოვა სივრცე. არ ვადასტურებ ორზე მეტი ადამიანის მოწამვლას, გუშინ მე განვაცხადე, რომ  გამოიყო დარჩენილი პირები, ვისაც ერთჯერადად რაიმე ნიშანი მაინც ჰქონდათ და მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა, ვინაიდან ესეთი კლინიკური ნიშნები დამახასიათებელი იყო ამ დაავადებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმის მყარი საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ იქ არის ძალიან მშვიდი სიტუაცია, ყველა ჯანმრთელია და მათ უტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, რადგან ისინი ტოვებენ საკარანტინო სივრცეს. სურსათის უვნებლობა სწავლობს ყველა საკარანტინო სივრცეს, არა მხოლოდ ამას, მათი პერიოდული მონიტორინგი ხდება. ეს არ იყო ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ მეტის თქმა არ შეგვიძლია. იყო 2 შემთხვევა, რომელიც იყვნენ კლინიკაში, გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს საკარანტინო სივრცე"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

გუშინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში ჰქონდათ საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა, აღრიცხული ყავდათ 45 პირი, აქედან საყურადღებო იყო ორი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში