რამდენიმე ევროპული ქვეყანა დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს

20 აპრილი 2020, 10:51 2338 ნახვა

რამდენიმე ევროპული ქვეყანა დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების გამარტივებას იწყებს. დღეიდან გერმანიაში პატარა მაღაზიები გაიხსნება, ასევე სწავლას განაახლებს დამამთავრებელი კლასები. თუმცა მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები, რათა ინფექციის მეორე ტალღა არ წარმოიშვას. ასევე დღეიდან პოლონეთსა და ნორვეგიაში გაიხსნება პარკები, საბავშვო ბაღები და სკოლები.

ჩეხეთსა და ალბანეთში გაიხსნება ღია ბაზრობები. ესპანეთში კი მომავალი კვირიდან ბავშვებს მცირე ხნით გარეთ გასვლის უფლებას მისცემენ. რაც შეეხება მონაცემებს, თურქეთში გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულების და გარდაცვლილების რიცხვი. 19 აპრილს, წინა დღესთან შედარებით, დაფიქსირდა დაავადების თითქმის 200-ით მეტი ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 127 ადამიანი. ჯამში, თურქეთში უკვე დაავადდა 86 300-ზე მეტი ადამიანი. მათგან 2000-ზე მეტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულია 19 000-ზე მეტი.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 19 აპრილს, წინა დღესთან შედარებით დაფიქსირდა ინფიცირების დაახლოებით 1200-ით მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 48 ადამიანი.  დაავადდა 42 800-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილია 361. გამოჯანმრთელდა დაახლოებით 3300.

სომხეთში მცირედით, 47-დან 43-მდე იკლო ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა. 19 აპრილს გარდაცვალების არცერთი ახალი შემთხვევა არ ყოფილა. დაავადდა 1 290-ზე მეტი ადამიანი. 20 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 545. აზერბაიჯანში ბოლო ორ დღეში 33-დან 25-მდე შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი.

19 აპრილს დაფიქსირდა 1 ლეტალური შედეგი. დაავადდა 1400-მდე ადამიანი. გარდაცვლილია 19. გამოჯანმრთელდა 712. ინდოეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 1 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  

აქ ვირუსის 17 265 შემთხვევა დასტურდება, მათგან 543 გარდაცვლილია, 2 547 კი გამოჯანმრთელებული. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში პანდემიას სულ 16 060 ადამიანი ემსხვერპლა.   გარდაცვლილთა რიცხვი 23 660 ადამიანს შეადგენს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში