საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

07 აპრილი 2020, 18:02 2655 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა უთხრა. საუბარია 86 წლის ქალზე, რომელიც 20 დღის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, პაციენტს სხვა თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა და მისი მდგომარეობა ყოველთვის კრიტიკულად მძიმე იყო. 

''ეს იყო ყველაზე მძიმე, რაც კი კლინიკაში შემოსულა. ჰქონდა ნევროლოგიურ დაავადება და პნევმონია, პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი. ჰქონდა ასევე სეფსისი და სხვა მძიმე გართულებები. ორი კვირის მანძილზე რეანიმაციაში იყო, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, ვფიქრობ უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია გააკეთოს.

ვიცოდით, რომ გარდაცვალების გრაფაში სულ ნული ვერ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვცდილობდით.

მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებით და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება არც კი ვიცით. ეს არის ეგზოტიკური სახელმწიფო, ტროპიკული სახელმწიფოები, რაღაც მცირე კუნძულები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით“ - ამბობს ცერცვაძე. 

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ასევე კლინიკაში მკურნალობდნენ, ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ. ''იყო ოჯახური შემთხვევა, მისი ორი შვილი ჩვენს კლინიკაში იწვა, ისინი გამოჯანმრთელდნენ და მალე გაეწერებიან, თუმცა რომელ კლასტერს მიეკუთვნება ვერ გეტყვით, პერსონალური ინფორმაციაა''

რამდენიმე დღის წინ, კოვიდ ინფექციით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში