ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 საწოლი და 27 სუნთქვის აპარატი, 10 აპრილიდან იქნება - ნინო ნიჟარაძე

06 აპრილი 2020, 11:50 3197 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას 10 აპრილიდან დაიწყებს. ნინო ნიჟარაძის თქმით, კლინიკაში 38 საწოლი იქნება, ასევე იმუშავებს რეანიმაციული განყოფილებაც, სადაც 27 სუნთქვის აპარატი იქნება. თვის ბოლოს კი კლინიკა 170-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საავადმყოფოს აღჭურვის ხარჯები ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ასევე კერძო სექტორმა გაიღო. 

ნინო ნიჟარაძე კონკრეტულ თანხაზე ვერ საუბრობს. მისი თქმით, მხოლოდ სუნთქვის აპარატების შესაძენად 700 000 ლარია გადარიცხული. 

ორი დღის წინ ბათუმში საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა. გიორგი გახარიამ მაშინ თქვა, რომ რამდენიმე დღეში, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის, ბათუმის რეპუბლიკური საავადმყოფოც გაიხსნება. 

რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე მესამე წელია გარემონტებულია, იგი წელს ჩაიბარა სახელმწიფომ, თუმცა ტექნიკურად აღჭურვილი არ არის. 

აჭარაში რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელიც მზადდება „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და პაციენტების მისაღებად, შემდგომი მათი მკურნალობისთვის. აქ უკვე არის ინფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს, ფუნქციონირებს ასევე ქობულეთში კიდევ ერთი კლინიკა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

6 აპრილის მონაცემებით, ბათუმში 12 კოვიდ ინფიცირებულია, ისინი ბათუმის კლინიკა "მედალფაში" იმყოფებიან

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში