,,შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება'' - დავით მუჯირი

03 აპრილი 2020, 21:56 847 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ცნობილი გახდა, რომ კლუბებს საბაზისო დაფინანსება სრულად შეუნარჩუნდებათ. დაფინანსების საკითხებთან ერთად დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე მხარეებმა ეროვნული ჩემპიონატის განახლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კი, კლუბებს 1 აპრილს უეფას ვიდეო კონფერენციის დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 36 ტურის გამართვა შეუძლებელია და ფორმატის ცვლილება დამოკიდებულია იმაზე თუ როდის განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატი.

"დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე ჩვენ კლუბებს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელზეც ჩვენ 1 აპრილს უეფასთან გამართულ ვიდეო კონფერენციაზე ვისაუბრეთ. კლუბებს ასევე მოვახსენეთ იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა სიახლეებმა შესაძლოა ფორმატის ცვლილებაც გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, რომ მომავალი ევროტურნირების სეზონი უეფამ ერთი თვით გადადო და ის ივლისის მაგივრად აგვისტოში დაიწყება, თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო სცენარია.

აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვიდეო კონფერენციაზე ჩვენ კლუბებს გავაცანით ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო გეგმა. ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება. ამიტომ როდესაც ცნობილი გახდება ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი, კლუბებთან ერთად, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი საშეჯიბრო განყოფილება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მოარგოს.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაადასტურებს უეფა საევროტურნირო და სანაკრებო კალენდარს. ამასთან ერთად რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით განვაახლოთ ჩემპიონატი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაიმე კონკრეტულ სცენარზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მითუმეტეს, რომ ის გუნდები, რომლებიც საქართველოს მომავალ ევროტურნირებზე წარმოადგენენ უკვე გამოვლენილი არიან.

მედს ვიტოვებ, უეფას პოზიტიურ გათვლებზე დაფუძნებული სცენარი გამართლდება და ის კიდევ ერთხელ არ შეიცვლება." - განაცხადა დავით მუჯირმა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი