მოუწოდებთ მინისტრს არ დააკმაყოფილოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის უსაფუძვლო მოთხოვნა მედიაციის შეწყვეტის თაობაზე - EMC

27 მარტი 2020, 17:14 2611 ნახვა

EMC დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის მიერ შრომითი მედიაციის შეწყვეტის მოთხოვნას და მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, არ დააკმაყოფილოს გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილი უსაფუძვლო შუამდგომლობა და უზრუნველყოს მხარეთა შორის კოლექტიური შრომითი დავის მედიაციის პროცესით გადაწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

"მაუწყებელში დაფუძნებულმა ალტერნატიულმა პროფესიულმა კავშირმა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიზნით 2020 წლის 2 მარტს შეტყობინებით მიმართა მაუწყებლის ხელმძღვანელობას კოლექტიური შრომითი დავის დაწყების თაობაზე ოთხპუნქტიანი მოთხოვნებით, რომელიც ერთის მხრივ ითვალისწინებდა შრომითი უფლებებისა და პირობების გაუმჯობესების, ხოლო მეორეს მხრივ დირექტორის არჩევამდე არსებული მდგომარეობის - სტატუს ქვოს აღდგენასა და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნის მოთხოვნებს. კოლექტიური შრომითი დავის დაწყება განაპირობა აჭარის მაუწყებელში ჟურნალისტების ფართომასშტაბიანმა დევნამ და შევიწროვებამ, რაც დღემდე გრძელდება და შრომითი მედიაციის პროცესის დროულ და სათანადო წარმართვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. 

 

კოლექტიური დავა და შემათანხმებელი პროცედურა დაგვიანებით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს კოლექტიურ დავაში მედიატორის დანიშვნის თაობაზე იმავე დღეს - 2020 წლის 2 მარტს წარედგინა, მედიატორი სამინისტროს მიერ მხოლოდ 2020 წლის 18 მარტს დაინიშნა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მედიატორმა მხოლოდ ერთი დისტანციური შეხვედრის გამართვა მოახერხა პროფესიულ კავშირთან პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოთხოვნების არსში გარკვევის მიზნით. დაგეგმილი გაერთიანებული შევხედრა, რომელიც 27 მარტს უნდა გამართულიყო, გაუქმდა, რადგან როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მაუწყებლის დირექტორმა შრომის სამინისტროს მედიაციის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და შეწყვეტის აუცილებლობა პროფესიული კავშირის მოთხოვნების დაუსაბუთებლობით განმარტა"- წერია განცხადებაში

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მაუწყებლის დირექტორის მოთხოვნა მედიაციის შეწყვეტის თაობაზე უსაფუძვლოა და შრომის კანონმდებლობისათვის თავის არიდების მცდელობას წარმოადგენს. ამბობენ, რომ სამინისტრომ ამ საქმეზე მედიატორის დანიშვნით უკვე აღიარა, რომ სახეზეა კოლექტიური შრომითი დავა მხარეებს შორის, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს.

განცხადებაში წერია, რომ ამ პროცესს წინ უსწრებდა აჭარის მაუწყებელში გადაცემების შეჩერების თაობაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის, დირექტორის ზეპირი გადაწყვეტილებით დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე გადაცემა „ჰეშთეგის“ განუსაზღვრელი ვადით გაჩერება, რაც ცხადად აჩვენებს პროფესიული კავშირის წევრებისა და მაუწყებლის მენეჯმენტის მიმართ გამორჩეულად კრიტიკული თანამშრომლების სამუშო პროცესიდან ჩამოშორებისა ღია მიზანს. 

"გარდა საეთერო შეზღუდვებისა, დირექტორმა გამოსცა დაუსაბუთებელი ბრძანება მაუწყებლის თანამშრომლების მაუწყებლის შენობაში გადაადგილების აკრძალვის თაობაზე. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს მაუწყებელში კრიტიკული აზრის ჩახშობის და დასაქმებულთა შრომითი უფლებების შეზღუდვის მიზნით დირექტორის მხრიდან ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მძიმე სიტუაციისა და გამოცხადებული საგანგებო მდომარეობის ბოროტად გამოყენებას.

 

ასევე, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი აგრძელებს საკუთარი თანამშრომლების შევიწროვებას და მათ სხვადასხვა საკითხებზე ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტების წარდგენას სთხოვს, რაც აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ დისციპლინური დევნა შესაძლებელია კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლებისა და პროფესიული კავშირის სხვა წევრების მიმართაც დაიწყოს" - ვკითხულობთ განცხადებაში.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი უმძიმესი ვითარების გათვალისწინებით, კოლექტიური შრომითი დავის  დაუყოვნებლივი და სრულფასოვანი განხილვა და გადაწყვეტა არსებითი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტად რჩება. 

EMC-ის განცხადება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში