იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა, მათ შორის ეკლესიებშიც - პრემიერ მინისტრი

21 მარტი 2020, 14:39 2161 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა ეკლესიასაც იგივე რეგულაციები, პრემიერმა განმარტა: „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, დახურულ ტერიტორიაზე, მათ შორის მაღაზიებში 10 ადამიანზე მეტი ვერ შევა.

„მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია,“ - განაცხადა პრემირმა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში