აჭარის მაუწყებელში განვითარებული მოვლენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

12 მარტი 2020, 12:23 1910 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, ასევე რუსთავი-2-ში განვითარებულ მოვლენებს. დოკუმენტში საუბარია აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზეა. აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ადეკვატურად არ იცავდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის მედიისთვის.

53 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ წლის განმავლობაში ჟურნალისტები, არასამთავრობოები და საერთაშორისო თანამეგობრობა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდნენ, მედიის პლურალიზმის კუთხით შექმნილი ვითარების გამო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაჩნდა ეჭვები აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის კუთხითაც.

''მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალება, სადამკვირვებლო ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც შეშფოთებას გამოთქვამენ მასმედიის პლურალიზმისა და მასმედიაში პოლიტიკური გავლენის გამო. ხელისუფლების ჩარევის მხრივ პრობლემები შენარჩუნებულია მასმედიის ზოგიერთი საშუალების მუშაობაში. მაგალითად, 19 აპრილს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხარი დაუჭირა დირექტორის გათავისუფლებას, რაც ეფუძნებოდა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებას და პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას. მანამდე საერთაშორისო დამკვირვებლები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ჩათვლით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიუკერძოებელ მედიაწყაროდ მიიჩნევდნენ.

13-მა არასამთავრობო ჯგუფმა და მედიაზე კონტროლის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აკრიტიკებდა ტელევიზიის ბორდს გენდირექტორის გათავისუფლების გამო და აცხადებდა, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააძლიერა შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მასმედიის თავისუფლების ანგარიშებთან დაკავშირებით.

22 აპრილს 10 ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება, ისინი ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში და მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა პოლიტიკურ ჩარევას. 

დეკემბერში ჟურნალისტებმა ახალი დირექტორის არჩევა გააპროტესტეს და ამტკიცებდნენ, რომ იგი ერეოდა მათ საქმიანობაში და ცდილობდა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

სახალხო დამცველმა კი აღნიშნა, რომ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი მის ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა გავლენა იქონია ქვეყნის მედიაგარემოზე'' - წერია ანგარიშში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი ოთხმა მრჩეველმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა

ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, 2016 წელს დაინიშნა. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას 8 თვე ჰქონდა დარჩენილი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში