ლარის კურსის ცვლილება, ნეგატიური მოლოდინების და სპეკულაციების შედეგია - ეკონომიკის მინისტრი

12 მარტი 2020, 11:45 1502 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ლარის კურსზე ნეგატიურმა მოლოდინებმა და სპეკულაციებმა იმოქმედა. ნათია თურნავას განმარტებით, თებერვალში ტურისტების რიცხვიც შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში ქართულ ეკონომიკაზე აისახება.  

''კორონავირუსი გლობალურად აისახა ეკონომიკაზე. მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუბლი 16-17 პროცენტით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარება. თურქული ლირაც იწყებს გაუფასურებას. შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ამ ეტაპზე, ეს პირველ რიგში ნეგატიური მოლოდინების და სპეკულაციების ზეგავლენაა. მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული და მოქალაქეებს ამის საფუძველი აქვს. 

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად სწრაფად გადალახავს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას.

ჩვენ ამ გამოწვევას ვხვდებით ძალიან მყარად და ჯანსაღი ეკონომიკით. საქართველოში ექსპორტი იყო მზარდი, უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს. თებერვალში ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ეს არის ფატქორი, რომელიც ლარზე ობიექტურად მოქმედებს. ტურიზმიდან შემოსავალი შემცირებულია. ამაზე ძალიან კარგი პასუხი იქნება ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც გარკვეულ ოპტიმიზმს და სიმყარეს შემატებს ბიზნეს მოლოდინებს'' - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა. 

საქართველოს ეროვნული ვალუტა ანტირეკორდულ ნიშნულზეა. სავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 98 თეთრი ღირს, ევრო კი 3.35 – 3.40 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომერციულ ბანკებში კი ლარმა ანტირეკორდი მოხსნა და სამიან ნიშნულს გადასცდა. აქ ერთი ამერიკული დოლარის შეძენა 3.0100 ლარადა  შესაძლებელი, ხოლო ევრო 2.4190 ღირს. მაშინ როცა 11 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ღირებულებად 2.8791 ლარი დადგინა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 3.28 თეთრით მეტია.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც, ევრო ეროვნული ბანკის დადგენილი ახალი კურსით 3.2591 ლარი ღირს.

პრემიერ მინისტრი  ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარმოდგენას ავალებს. ამის შესახებ გიორგი  გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ასევე პრიორიტეტია, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება, მიადგეს ჩვენს ეკონომიკას.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღეს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც განხორციელდება ხვალიდან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და მათი სოციალურად უზრუნველყოფის წინაშე", – განაცხადა პრემიერმა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში