ბათუმში მოქალაქე ანგარიშებიდან ფულს უკანონოდ ხსნიდა - შსს

10 მარტი 2020, 14:32 3547 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ორი პირი - ე.ვ. და დ.ჭ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ფულს უკანონოდ დაეუფლნენ.

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, კიდევ ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - რ.კ-მ, 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით, ბათუმში მდებარე ინტერნეტ-კაფეებში არსებული კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა, სხვადასხვა დროს მოპოვებული, 11 მოქალაქის კუთვნილი, ონლაინ ტოტალიზატორების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, ონლაინ-ტოტალიზატორების ანგარიშებზე დაფიქსირებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებიდან ფული აზარტული თამაშების ინტერნეტსაიტების ანგარიშებზე გადმოიტანა, შემდეგ აღნიშნული თანხები გ.ბ.-ს მიერ მიწოდებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებზე ჩარიცხა. ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხები ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი ფული გაინაწილეს.

დაკავებულებმა დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 22 000 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინ ტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში