სასამართლომ აქტივისტების მოთხოვნა გაიზიარა, ტერმინალის მშენებლობისთვის გზშ სავალდებულო იყო - ადვოკატი

03 მარტი 2020, 14:31 1478 ნახვა

ტერმინალის მშენებლობა არ შეჩერებულა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება დაევალა. 

მოსამართლემ მიიჩნია, რომ პორტში ტერმინალის მშენებლობისთვის გზშ სავალდებულო იყო - ამბობენ აქტივისტები. მათ ინფორმაციით, განჩინება მალე გაეგზავნება გარემოს დავცის სამინისტროსა და ბათუმის პორტს. 

ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ თუ სამინისტრო სასამართლოს განჩინებას არ შეასრულებს, ისინი მშენებლობის შეჩერებასაც მოითხოვენ. ვატო ნებურიშვილის თქმით, ეს უკვე ლეგიტიმური და კანონიერი იქნება. 

''ჩვენი ბრძოლა აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური იყო და ეს დაადასტურა ქართულმა სასამართლომ. რაც შეეხება მოლოდინებს, მოსამართლის განჩინებას სამინისტრო გაეცნობა. თუ სასამართლოს მოთხოვნებს სამინისტრო არ შეასრულებს, ჩვენ კანონიერად და ლეგიტიმურად შეგვიძლია მშენებლობის შეჩერებაც მოვითხოვოთ'' - განაცხადა ბრიფინგზე საინიციატივო ჯგუფის წევრმა. 

იურისტი კი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის მშენებლობები არ შეიძლება მხოლოდ სკრინინგის საფუძველზე წარიმართოს, ამიტომ სასამართლოს მსგავს გადაწყვეტილებას ელოდნენ. 

ბათუმში ტერმინალის მშენებლობას მოქალაქეთა ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი ბათუმსა და დედაქალაქში აქციებს მართავდნენ. პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს კი მოუწოდებდნენ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. 

გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს და დადო დასკვნა, რომ ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა. ''ქიმიური შეტევა ბათუმზე'' საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, ამბობდნენ, რომ ეს იყო დარღვევა, რადგან უწყებამ 2009 წლის დოკუმენტით (გეზეშე) იხელმძღვანელა და არ ჩათვალა საჭიროდ ახალი კვლევების ჩატარება. 

პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი ქალაქის მერმა 2019 წლის 12 მარტს მოაწერა. ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ტერმინალი ქალაქს საფრთხეს არ შეუქმნის, ეს კი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადასტურდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში