ვინ შეარჩევს აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილეს 

20 თებერვალი 2020, 15:25 2608 ნახვა

ცნობილია კომისიის შემადგენლობა, რომლებიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილეს შეარჩევს. 

კონკურსანტებს მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო უტიაშვილი, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ინგა გოგოლიშვილი, დირექტორის მოადგილე ჯემალ გვეტაძე და მოწვეული სპეციალისტი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი გაესაუბრებიან.

იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც ახლა საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებს ამბობს, რომ კომისია მაუწყებელში თანამშრომელთა მიღების წესის მიხედვით დაკომპლექტდა. 

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო კომისიაში მაუწყებლისგან დამოუკიდებელი პირის მოწვევა შესაძლებელია, მაია ჭიჭილეიშვილი კი იმიტომ შეარჩიეს, რომ ის აკადემიურ წრეს წარმოადგენს და იმ უნივერსიტეტის რექტორია, სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არსებობს.

რატომ ვერ მოხვდნენ კომისიაში საერთაშორისო მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მედია მიმართულებით მუშაობენ? ამ კითხვაზე ნინო უტიაშვილმა განაცხადა, რომ დირექციისთვის საინტერესო იყო, უფრო აკადემიური წრეებიდან ყოფილიყვნენ წარმომადგენლები და არჩევანი ამითაც იყო განპირობებული. ასევე, ლოგიკურად მიიჩნევს, რომ კომისიაში მოხვდნენ განვითარების სამსახურის უფროსი და დირექტორის მოადგილეც.

კომისიის წევრებს შორის არ მოხვდა საინფორმაციო ან ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლები. 

იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნინო უტიაშვილმა კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები, გიორგი კოხრეიძის თანაშემწესთან, ნათია გოგიჩაიშვილთან გაიარა. 

დირექტორის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე საბუთების მიღება ორი დღის წინ დასრულდა, გიორგი კოხრეიძის მოადგილეობის სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა. ესენი არიან: ვახო ხუზმიაშვილი, ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე.

ემზარ დიასამიძე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტია, რომელიც მაუწყებლის დირექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა.

ფირუზ ბოლქვაძე კი ანალიტიკური სამსახურის გუნდის წევრია, ისიც მოქმედი ჟურნალისტია. ფირუზ ბოლქვაძეც ასევე მონაწილეობდა დირექტორის კონკურსში.

ვახო ხუზმიაშვილი კი, ტელეკომპანია ''იბერიის'' საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის 2014 წელს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე კომისიამ შორენა ღლონტი შეარჩია.

კომისია დამტკიცებულია, თუმცა როდის გაიმართება გასაუბრება ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. 

აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელში ამ პოზიციაზე მუშაობდა თანამდებობა 2 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, ეს ნებაყოფლობითი პროცესი არ იყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში