მრჩეველთა საბჭომ პროტესტის მიუხედავად საშტატო ერთეულების შემცირებას მხარი დაუჭირა

19 თებერვალი 2020, 16:00 2552 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საშტატო ერთეულების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირეს. 

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ. გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი კი წინააღმდეგები იყვნენ. 

კენჭისყრის პროცესს მაუწყებლის დირექტორი არ დასწრებია. მრჩეველთა საბჭოს წევრებს გიორგი კოხრეიძემ შესვენების გამოცხადებამდე მიმართა. 

გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა. 

საშტატო ერთეულების შემცირების ინიციატივით მრჩეველთა საბჭოს გიორგი კოხრეიძემ მიმართა. 

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ, ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა.

კენჭისყრამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილება უნდა

განვიხილოთ, როგორც მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დანგრევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შიშები და საფრთხეები არარეალურია. სამი თვეა კი მხოლოდ ერთი და იგივე ესმის.  

საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდნენ ალტერნატიული პროფკავშირების წევრები. ისინი დღეს დილით სხდომაზე მივიდნენ და სიტყვით გამოსვლა ითხოვეს, რისი საშუალებას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ არ მისცა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში