სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მივიდა

19 თებერვალი 2020, 14:15 1646 ნახვა

თითების თეატრთან, სადაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება, სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარიამ მანამდე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ტელევიზიაში შექმნილ პროცესებს ეხებოდა. 

ომბუდსმენი ამბობს, რომ სხდომას დაესწრება. ის ასევე მხარეებთან გასაუბრებას გეგმავს. 

„სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, უკვე მეორედ მოვედი და მაქვს სურვილი, რომ მხარეებს გავესაუბრო და გამოვხატო ჩემი პოზიციები. დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არა უბრალოდ შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს, არამედ კრიტიკული მაუწყებლობის ცვლილებას. ვფიქრობ, რომ არის საგანგაშო ვითარება. გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა“ ,- განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია ამბობს რომ გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. პოლარიზებულ გარემოში კი მაუწყებლის როლი მნიშვნელოვანია. 

ასევე კომენტარი გააკეთა საბჭოს სხდომის მიმდინარეობის პროცესში გარე პერიმეტრზე შეკრებილი განსხვავებული შეხედულების მქონე მოქალაქეების შეკრებაზე. თითების თეატრთან ორი აქცია გაიმართა, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ''ალტერნატივას'' წევრები და კონტრაქციაზე კი ''ოცნების ქალაქში მცხოვრებლები შეიკრიბნენ.  

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ეს პროცესებს გარკვეულწილად პოლიტიზირებულ სარჩულს სძენს, ეს კი პოლარიზებულ გარემოს კიდევ უფრო აუარესებს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში