არის თუ არა სამართლებრივი უხერხულობა, როცა მბრალდებელი, იმავე საქმის მოსამართლე ხდება - უგულავას საქმე

11 თებერვალი 2020, 18:45 1666 ნახვა

გიგი უგულავას საქმის განმხილველი ერთ-ერთ მოსამართლე, ყოფილი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძეა. თადუმაძე, ამ საქმეში ჯერ როგორც მბრალდებელი, შემდეგ კი მოსამართლე აღმოჩნდა.

2013 წლიდან მისი უწყება ითხოვდა, რომ სასამართლოს გიგი უგულავა გაესამართლებინა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში და არა უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რაც გაცილებით მსუბუქი დანაშაულია.  თუმცა, ორი ინსტანციის მოსამართლეებმა არ გაიზიარეს მათი არგუმენტები და თბილისის ყოფილ მერს, აღნიშნულ ბრალდებაზე განაჩენი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში გამოუტანეს - ერთი წელი და სამი თვე.  

პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებისგან განსხვავებით, უზენაესმა სასამართლომ (ანუ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ), დასაშვებად მიიჩნია ბრალდების არგუმენტები და გიორგი უგულავა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის მუხლით გაასამართლა და სასჯელი გაუზარდა. 

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა, თეა სიჭინავამ "ქართული ოცნების" ლიდერს მამუკა მდინარაძეს ჰკითხა, იყო თუ არა სამართლებრივი უხერხულობა როცა მბრალდებელი, წლების შემდეგ იმავე საქმის მოსამართლე ხდება...

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ამაში უხერხულობას ვერ ხედავს, რადგან ამ ტიპის აკრძალვა კანონში არ არის.  

"თადუმაძე არც 2013 წელს იყო ამ საქმის მბრალდებელი და არც მერე, რაღაცა პერიოდში იყო მთავარი პროკური... თუმცა ამ ლოგიკით არც ერთი საქმე არ უნდა განიხილოს მაგ პერიოდის, ასეთი ჩანაწერი და აკრძალვა კი კანონში არ გვაქვს" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, პროკურატურას 2013 წლიდან არ შეუცვლია გიგი უგულავასთან დაკავშირებული პოზიცია და სისტემატიურად ითხოვდა ​თბილისის ყოფილი მერის საქმეზე გაფლანგვის კუთხით დამდგარიყო განაჩენი. 

  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში