იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა - გიორგი გახარია

30 იანვარი 2020, 15:21 2806 ნახვა

მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება , - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ლევან იზორიას ძმის საქმეს ეხება.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ის, რაც კადრებშია ასახული უკიდურესად მიუღებელია.

„იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია 28 იანვარს აცხადებდა, რომ მისი ძმის ე.წ. ნარუშილოვკის საბუთზე ინფორმაცია კადრების გავრცელების შემდეგ გაიგო.

მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, მისი ძმისთვის, ვახტანგ იზორიასთვის ე.წ. ნარუშილოვკა ანუ ოპერატიული საშვი მას არ გადაუცია. 

"ორმაგი სტანდარტები გაქვთ ჟურნალისტებს, როცა აქციებზე ვაკავებთ ადამიანებს, სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, მეკითხებით რატომ დააკავეთ პარლამენტთან აქციაზე ადამიანი, რომელმაც შემოახია, შეურაცხყოფა მიაყენა, ზოგმა ხელი ჰკრა პოლიციელს. ეს (საუბარია ლევან იზორიას ძმაზე, კიტა იზორიაზე) ხელითაც არ შეხებია, როგორც მახსოვს უთხრა პოლიციელს, რომ ფორმას გაგხდიო" - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”  23 იანვარს, გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პატრულის თანამშრომელი მოქალაქეს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აკავებს. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ყვება, რომ დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა აღმოჩნდა, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში