საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია - ამირან გამყრელიძე

23 იანვარი 2020, 21:52 2566 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაბალია - ამის შესახებ გადაცემა „მთავარში" დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთის ქალაქ უხანთან პირდაპირი ფრენები არ აქვს, კვირაში ორჯერ არის ჩარტერული რეისები პეკინის მიმართულებით, რომელიც საკმაოდ დაშორებულია ქალაქ უხანიდან. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება მწვანე ზონაში, სადაც ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია.

გამყრელიძის განცხადებით, აეროპორტში მგზავრების სამედიცინო შემოწმება არ ჩაუტარდებათ. დაურიგდებათ საინფორმაციო ფურცლები, სადაც სამ ენაზე (ქართული ინგლისური, ჩინური) მითითებულია, დაავადებათა სიმპტომები და ინფექციურ საავადმყოფოთა მისამართები. 

"მგზავრები თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში უხანში იყვნენ და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რომელიმე ეს სიმპტომები აღენიშნებათ: ხველა, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა აუცილებლად უნდა მიმართონ ინფექციურ საავადმყოფოებს, სადაც პერსონალი მზად არის მსგავსი პაციენტების მისაღებად", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ჩინეთში დაადასტურეს, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში