ე.წ  საპრეზიდენტო არჩევნები  ხელახლა ჩატარდება

11 იანვარი 2020, 12:20 880 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია „საპრეზიდენტო არჩევნების“ ახალ თარიღს უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ „საარჩევნო კომისიის“ წევრმა გივი გაბნიამ განუცხადა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.  გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც 9 იანვარს სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დე ფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით ე.წ. პარლამენტმა ხაჯიმბას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა, ხაჯიმბამ კი ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში